weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მორის მაჩალიკაშვილის დაკავება შესაძლოა მის ბიძაზე გავლენის მოხდენის იარაღი იყოს – EMC

14:41 პარასკევი, 02 აგვისტო 2019
ფოტოზე მორის მაჩალიკაშვილი ფოტოზე მორის მაჩალიკაშვილი

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ შეფასებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მორის მაჩალიკაშვილის დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შესაძლოა მისი ბიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტზე და ბრძოლაზე გავლენის მოხდენის იარაღი იყოს. EMC-ი აცხადებს, რომ ეს ეჭვები ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების გამო ჩნდება.

EMC-იმ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე პირველადი სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა. უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, პროკურატურის მიერ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ვიდეოჩანაწერს, პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ ე. წ. პატაკს და პოტენციურ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს.

„ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია, როგორ ცდილობს მორის მაჩალიკაშვილი ბიძამისი გამოიყვანოს პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიიდან იქ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. ამ მდგომარეობაში მოყოლილი მალხაზ მაჩალიკაშვილი ხდება ცუდად და ის აქციის მონაწილეების და მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხალხის მასიდან გამოყავთ. მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოყვანის მომენტში მორის მაჩალიკაშვილი ხვდება აქციის მონაწილეების ალყაში, მას აღარ ეძლევა გადაადგილების შესაძლებლობა და ინსტიქტურად იქნევს ხელს, რომელიც ხვდება პოლიციის თანამშრომლის ფარს. ამ მომენტში მორის მაჩალიკაშვილს იმდენად ძლიერად აწვებიან უკნიდან, რომ ის პოლიციელის ფარს სახით ეკვრის, თუმცა დაახლოებით სამ წამში ის იხრება დაბლა და ცდილობს გამოძვრეს ამ ჯგუფიდან, რასაც ახერხებს და ამის შემდგომ მორის მაჩალიკაშვილი ვიდეოჩანაწერში აღარ ფიქსირდება.

მორის მაჩალიკაშვილის ეპიზოდი დაახლოებით 4 წუთამდე გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში ის არ ამჟღავნებს რაიმე განზრახვას იყოს ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, გაარღვიოს პოლიციის კორდონი და შეიჭრას პარლამენტში.

მის ქმედებაში არ ჩანს ინტენსიური, მიზანმიმართული, შეტევითი და ძალადობრივი მოქმედება. იგი ცდილობს არ მოშორდეს ბიძამისს, უზრუნველყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოება და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერიტორიის დატოვებისთანავე თავადაც ტოვებს ადგილს“, – აცხადებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“.

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლის პატაკს, EMC-ის თანახმად, ის შედგენილია მორის მაჩალიკაშვილის დაკავებამდე ერთი დღით ადრე - 25 ივლისს. პოლიციის თანამშრომელი ხელმძღვანელ პირს ატყობინებს, რომ შემოსული ინფორმაციის თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მორის მაჩალიკაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებში და სთხოვს რეაგირებას. EMC-ის შეფასებით, შსს თანამშრომლის მიერ შედგენილი პატაკი არ შეიცავს მითითებას ინფორმაციის წყაროსა და მორის მაჩალიკაშვილის მხრიდან განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებაზე.

გარდა ამისა, საქმის მასალებში მოთავსებულია სხვადასხვა პირის გამოკითხვის ოქმები. EMC-ის ინფორმაციით, მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, მათი მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მსგავსია და არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას მორის მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ.

„გამოკითხული პირები მხოლოდ ზოგადად აღწერენ პარლამენტის წინ არსებულ მდგომარეობას და უთითებენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ ძალადობდა, თუმცა, საქმეში არსებულ პირთა გამოკითხვის არცერთ ოქმში არ არის მოხსენიებული კონკრეტულად მორისი მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა თუ არა ძალადობრივ ქმედებებში, რომელ სამართალდამცავს დაარტყა ხელი მან და ზოგადად რა სახის მოქმედებებში იყო ჩართული“, – აცხადებს მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია.

EMC-ი პროკურატურას მოუწოდებს, გაიაზროს წარდგენილი ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებები. ორგანიზაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს „პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ დაუშვას პატიმრობის თვითნებური, დაუსაბუთებელი და შაბლონური გამოყენება მორის მაჩალიკაშვილის მიმართ“.

მორის მაჩალიკაშვილი 26 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მაჩალიკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაჩალიკაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]